რონალდ უილსონ რეიგანი (ინგლ. Ronald Wilson Reagan; დ. 6 თებერვალი, 1911 — გ. 5 ივნისი, 2004) — აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი(1981–1989) და კალიფორნიის 33-ე გუბერნატორი (1967–1975).
რონალდ რეიგანი ილინოისში ნელ და ჯონ რეიგანების ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლა დიქსონში დაამთავრა და სწავლა ეურეკას კოლეჯში გააგრძელა, სადაც ეკონომიკას და სოციოლოგიას სწავლობდა, ფეხბურთის გუნდში თამაშობდა და სკოლის დადგმებში მონაწილეობდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ რადიოში სპორტულ დიქტორად დაიწყო მუშაობა.
30-იანი წლებიდან ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, სადაც ის მსახიობი გახდა. იყო კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი და ოცი წლის მანძილზე რეიგანმა 53 ფილმში ითამაშა. კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტის რანგში, რეიგანი კინო ინდუსტრიაში კომუნიზმის საკითხებთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთო. მისი ლიბერალური პოლიტიკური ხედვა კონსერვატიულით შეიცვალა.
რეიგანის პირველი ცოლი ჯეინ უაინმანი იყო. მასთან ორი შვილი მაურინი და მაიკლი ყავდა. 1952 წელს რეიგანმა ნენსი დეივისზე იქორწინა, რომელიც აგრეთვე მსახიობი იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ: პატრისია ენი და რონალდ პრესკოტი.
შემდგომში რეიგანი ფირმა „ჯენერალ ელექტრიკის“ სპიკერი გახდა და პოლიტიკაში ამ დროიდან ჩაება. თავიდან რეიგანიდემოკრატიული პარტიის წევრი იყო, 1962 წლიდან კი ის რესპუბლიკელი გახდა. ამის შემდეგ იგი ორი ვადით (1966 და 1970) კალიფორნიის გუბერნატორი იყო. მას ორჯერ 1968 და 1976 წლებში ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვების წარუმატებელი მცდელობა. 1980 წელს მან ნომინაცია მოიპოვა და ვიცე–პრეზიდენტის კანდიდატად, ტეხასის ყოფილი კონგრესმენი და გაეროში ამერიკის ელჩი ჯორჯ ბუში დაასახელა. ინფლაციით და ირანში ამერიკელების ერთწლიანი ტყვეობით შეწუხებულმა ამომრჩეველმა ხმა რეიგანს მისცა. 489 ხმით 49–ის წინააღმდეგ რეიგანმა პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დაამარცხა. კარტერის დამარცხებით 69 წლის ასაკში ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. იგი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პიროვნება იყო, ვინც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
ინაუგურაციიდან ორ თვეში რეიგანს თავს დაესხნენ და ესროლეს, თუმცა მალევე გამოკეთდა და თავის მოვალეობას დაუბრუნდა. ინციდენტმა მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. პრეზიდენტის რანგში რეიგანმა ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივები წამოაყენა. მისი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც რეიგანომიკას უწოდებდნენ გულისხმობდა ბიზნესის რეგულაციის შემცირებას, ინფლაციის კონტროლს, სამთავრობო ხარჯების შემცირებას და გადასახადების შემცირებით ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას. მას შემდეგ, რაც თავდაცვის ძალების გაძლიერებამ დიდი დეფიციტი გამოიწვია, მან მაინც არ განაცხადა უარი განაცხადა კურსის შეცვლაზე. პროფკავშირებთან დაპირისპირებისას ის მკაცრ პოლიტიკას ატარებდა. 1983 წელს მან გრენადაში სამხედრო შეჭრისბრძანება გასცა. აგრეთვე რეიგანმა საბჭოთა კავშირს საჯაროდ უწოდა „ბოროტების იმპერია“, უარი თქვა დაძაბულობის შენელების პოლიტიკაზე, აშშ-ის სამხედრო პოტენციალი გააძლიერა და მსოფლიოს გარშემო ანტიკომუნისტურ მოძრაობებს დაუჭირა მხარი.
1984 წლის არჩევნებში მან უპრეცედენტოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მისი მეორე ვადა ძირითადად საგარეო მოვლენებით აღინიშნა: ცივი ომის დასრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, ლიბიის დაბომბვა და ირან-კონტრას სკანდალის გახმაურება. რეიგანის პოლიტიკის შედეგად ნავთობის ფასი სამჯერ დაეცა, რამაც სსრკ-ს ეკონომიკა ძალიან დააზარალა. მან საბჭოთა კავშირის ლიდერმიხეილ გორბაჩოვთან მოლაპარაკებების სერია გამართა, რომლის კულმინაციაც საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება და ორივე ქვეყნის ბირთვული არსენალის შემცირება იყო. 1986 წელს რეიგანმა საგადასახადო კოდექსი სრულიად განაახლა, რის შედეგადაც მილიონობით მცირე შემოსავლის მქონე ადამიანი გადასახადისგან გათავისუფლდა.
რეიგანმა პრეზიდენტის თანამდებობა 1989 წელს დატოვა. 1994 წელს მას ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. იგი 2004 წელს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა. რეიგანი აშშ-ის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევა.
ეს საინტერესოა ► 2011 წლის 23 ნოემბერს საქართველოში, თბილისში, რიყისპარკში რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა.
No comments:
Post a Comment